ლექსები

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

--------------------------------
 

გიღალატე...
10.02.2011

გაიღვიძა,
დარდმა გულში...
ამერია ფეხი,
ნასვამს...
თურმე,
გიღალატე გუშინ...
მე კი,
არაფერი მახსოვს...
დავდევ,
ბნელ ოთახში დარდებს...
გინდა,
დამიშანთო გული...
ახლაც მიყვარხარო,
დამდევ...
მე კი,
მოგონებებს ვუვლი...
სადღაც...
მელოდება, წამი...
ისევ დამიბერა, ქარმა
წლებმა,
ამიხილა თვალი...
მე კი,
გიღალატე მთვრალმა...
ხელი შემოვხვიე,
ღამეს...
კოცნით,
ამოვუშრე ცრემლი...
მთვრალი ავედევნე,
წამებს...
ახლა,
უშენობას ვწყევლი...
ახლა,
მეფერება დილა...
და ცა,
მოღალატე, მრუში...
მახსოვს,
წვიმა თოვდა წვრილად...
და მე,
გიღალატე გუშინ...

* * *


ღმერთო, რა ლამაზია...
14.01.2011

მთელი ღამე უძილო,
მზე...
დამნათის მაღლიდან...
დილა შემოპარვია,
ცას...
ფიქრებით გადაღლილს...
მთვარე ჩამოვარდნილა,
ზეციური აკვნიდან...
და დილამდე ეძინა,
თურმე, საბან გადახდილს...

ვიღაც მეჩურჩულება,
მზე...
მიღიმის ფანჯრიდან...
და საბანში გახვეულს,
ტანზე...
დილა მაცვია...
ისე დამათენდა, რომ...
ვერ გითხარი, რა მჭირდა...
დილამ, შენი ოცნება...
ისევ შემომაჩვია...

ვიცი მომენატრება,
მზე...
მთვარე და
ეს დილა...
შენი შავი თმები და
სიფრიფანა ტუჩები...
სიყვარული, რომელიც
გულში გამოკეტილა...
და სიცოცხლე, უშენოდ...
დარდით განაყუჩები...

ღმერთო, რა ლამაზია,
დილა...
შენზე ფიქრები...
თითქოს, ტანზე მასხია...
მზე...
შიშველი, უძირო...
მე სიყვარულს გაჩუქებ...
მხოლოდ შენი ვიქნები...
რომ შენს მზერას,
შენს თვალებს...
სამუდამოდ ვუმზირო...

* * *

შენთვის უცნობი...
5.01.2011

და მე,
შორიდან მოსული ქარი...
მკოცნის და
ისევ, მეალერსება...
ვით უცხო მზერა,
საყვარელ ქალის...
მე,
ყოვე ღამე მოვალ, ლექსებად...

და ღამე,
შენით ნაავადარი...
გეძახი ისევ,
შენი ხმა მესმის...
ჩვენ რომ გვინდოდა,
ისე, სად არის?
ახლაც,
უშენოდ დავწერე ლექსი...

რომ გნახო,
ათას ტყუილს ვიგონებ...
არადა,
გული გელის უჭკნობი...
მე შენ მოგიძღვნი,
უკვდავ სტრიქონებს...
დავრჩები ისევ,
შენთვის უცნობი...

და ღამე,
ისევ უშენოდ მიტევს...
მინდოდა,
შენთვის ღამე მეთია...
მე ლექსებს დავწერ,
გეტყვი იმ სიტყვებს...
რომელიც,
გულში არ დამეტია...

* * *

მენატრები ძალიან...
28.12.2010

მატარებლის კუპეში...
ღამე იყო,
მდუმარე...
მთვარის მკრთალი შუქები...
შენს ბაგეზე ცვიოდა...
ღამე, გარეთ წიოდა...
მობუზული ჩიტივით...
შენს ფეხებთან ვიჯექი,
და საშინლად მციოდა...
რული თვალზე მეკიდა...
ღამე იყო,
დუმილის...
შენ, საყვარლად გეძინა...
მახსოვს,
თითებს გითბობდი...
არც არაფერს ვითხოვდი...
შენს ფეხებთან, ვიჯექი...
მხოლოდ დაგცქეროდი და
თავს,
დუმილით ვირთობდი...
მთვარეს კოცნა ვუმალე...
მთელი ღამე,
ვიყუჩე...
მისი მკრთალი შუქი კი...
შენს ბაგეზე ცვიოდა...
შენი კოცნა მშიოდა...
მატარებელს მოსდევდა
შემოდგომის ნიავი...
და ქარივით კიოდა...
მატარებლის კუპეში...
დამათენდა,
დუმილი...
დილა გამოვაღვიძე,
შევეგებე ალიონს...
ვიცი, ჩემი ბრალია...
დრო რომ, მალე გავლიე...
ახლაც,
იმ ღამესავით...
მენატრება ძალიან...

* * *

ერთი ნატვრა...
20.12.2010

ერთი ნატვრა,
ავიჩემე გუშინ...
მთელი ღამე,
გამეტებით წვიმდა...
დილაა და
მზეს ამოსვლას ვუშლი...
შენს მკლავებში,
გავიღვიძო მინდა...
ეგ ტუჩები,
მიგიჟებდეს დილას...
მინდა ცაზე,
ვარსკვლავები ენთოს...
ისევ,
ტუჩებს დავეკონო ფრთხილად...
და შენს სახელს,
ვლოცულობდე, ღმერთო...
ოცნებები,
გავატანო ნიავს...
მთელი დილა,
შენს მკლავებში გავთბე...
მერე,
უცებ გავიღვიძო, გვიან...
მთელი ღამე,
შენი ცქერით დავტკბე...
აგერ დილაც,
მეგებება მრუში...
თვალებს ნაბავს,
მზე და, მაინც მცივა..
გულში,
ისევ აყვავილდა ნუში...
და მაღლიდან მეფერება წვიმა...
ხედავ? სევდაც,
ავამღერე გულში...
ვიცი, მოვა...
სიყვარული წმინდა...
ერთი ნატვრა,
ავიჩემე გუშინ...
შენს მკლავებში,
გაღვიძება მინდა...

* * *

თოვლისფერი დილა...
17.12.2010

ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი...
მერე, ისევ გიპოვი და
გეტყვი,
როგორ შემიყვარდი...
ვიცი,
ისევ მოვა ფიქრი...
წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს...
სუსხი დამიბერავს. ვიცი...
ისევ,
გამეტებით მოთოვს...
ვიცი,
ისევ მოვალ, დაღლილს...
ამოგიშრობ ცრემლებს კოცნით...
თოვლს,
სახეში შემოგაყრი...
შენ იქნები, ისევ მორცხვი...
ვიცი,
ისევ დამდევს ლანდი...
შენი მონატრების ფერი...
მახსოვს,
როგორ შემიყვარდა,
შენთან ერთად ყველაფერი...
ვიცი,
უშენობას ახლა...
ისევ, მონატრება ჰქვია...
მოგონება გამიახლა...
თავს, რითმები მომახვია...
ვიცი,
ისევ მოხვალ, მალე...
და სიყვარულს, ისევ მომთხოვ...
ერთად,
გავიღვიძებთ ხვალე...
და უჩვენოდ აღარ მოთოვს...
და მაჩუქებ, ისევ ღიმილს...
დღეს, რომ ასე მიმატოვა...
დამავიწყებ,
ვიცი, ტკივილს...
სიყვარული მოვა, თოვად...
ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად...
მე ხომ,
შენი შეხება და
მხოლოდ შენი კოცნა მსურდა...
ფიფქებს მაყრის დილა, უხვად...
მინდა,
მოგეფერო ფრთხილად...
შენ ხარ,
თეთრი თოვლის სუნთქვა...
ჩემი თოვლისფერი დილა...

* * *

მადამ მუზა...
9.12.2010

დამეწია წვიმა გზაში,
თმებიც დამისველა, ხარბად...
ტალღებს ვეფერები, ზღვაში...
შენ რომ მიატოვე, ალბათ...
ზღვას, რომ შემატოვე მარტო...
გულში ჩავიკარი ტალღა,
შენ სიყვარულს, ისევ ვნატრობ...
და ვერ შემაჩერებს, დაღლა...
მაღლა,
ცაზე ღრუბელს სძინავს...
ტალღებს ფიქრი შემოვაცვი,,,
ახლა ღამეა და წვიმა...
მაგიჟებს და ძალას მაცლის...
ღრუბელი რომ ასე, მაწვიმს...
უშენობა, ზღვას რომ ახლავს...
მოვალ,
და ჩემს გულს მოგაწვდი...
ოღონდ, არ წახვიდე, ახლა...
მინდა ისევ გამათბო და
ზღვა დავლიო, როგორც ღვინო,,,
ჯერ, სიცოცხლე დავკარგო და
მერე, ისევ მაპოვნინო...
შენ ხარ ჩემი...
მადამ, მუზა...
შენთვის ყველაფერი დავთმე...
მინდა შენი, ვიყო ღუზა...
მოგეფერო, შენით დავთბე...
ისევ, დამეწია წვიმა...
და მზეც, თითქოს არსად არ ჩანს...
ჩემს მკლავებში, წარსულს სძინავს...
მას, თვალები ღია დარჩა...
მახსოვს ღამე,
შენით მთვრალი...
დამეწია წვიმა გზაში...
ახლა, გავიღვიძებ მალე...
და შენ, გაგიტაცებ ზღვაში...

* * *
 

თითქოს ისევ თოვლია...
6.12.2010

თითქოს, ისევ ჩემი ხარ,
თითქოს, ისევ მაწვალებ...
მერამდენე ზამთარი,
ველოდები გაზაფხულს...
ყოველ დილას უშენოდ,
მეღვიძება ნამთვრალებს...
ყოველ ღამე ვამშვიდებ,
ჩემს ოცნებებს დაზაფრულს...

თითქოს, ისევ მზეა და
თითქოს, დღეა მზიანი...
ცა ღრუბლებში დაფრინავს...
ბეღურების გუნდებად...
მთელი წელი ვიარე,
მაგრამ დავიგვიანე...
ვიცი, დრო რომ წავიდა...
უკან არ დაბრუნდება...

თითქოს, ისევ გელი და
თითქოს, ისევ ჩემია...
გაზაფხული ზამთარმა
მომანატრა, მომინდა...
ცივ ზამთარსაც გავათბობ...
მეტი რა დამრჩენია,
ოღონდ, მოგეფერო და
ოღონდ, შენთან მოვიდე...

თითქოს, ისევ ერთად ვართ...
შენს, ბაგეზე დავეცი
შენი მონატრების და
სიყვარულის კარავი...
სიზმრად მაინც მოდი და
ხმა მანამდე, გამეცი...
სანამ, ზამთარია და
არ მაფიქრებს არავინ...

თითქოს, ისევ თოვლია...
მზე კი მათბობს, მამშვიდებს...
ჩემი მოგონებები,
ცაში თოკზე ჰკიდია..
სანამ წვიმა მოსულა,
თოვლზე წაშლის ნაბიჯებს...
სანამ ზამთარია და
ეს დღეებიც მიდიან...

მზე სხივებად დაშლილი...
გულს, მალამოდ მედება...
ისევ გავილექსები,
გაზაფხულის იმედად...
თითქოს, ისევ ჩემი ხარ,
თითქოს, გულიც ჩერდება...
გაზაფხულზე იცოდე,
მოვალ, ისევ წვიმებად...

თოვლი ისევ მოსულა
1.12.2010

ჩემი ფანტაზია ხარ,
შენ ხარ ჩემი საყდარი...
მთელი ღამე ლოცვაში,
შენთვის მითენებია...
შემოდგომა გეგონა,
ქარს რომ შემოაყარე...
ეგ ფოთლები კი არა,
თოვლის ფანტელებია...

ჩემი საოცრება ხარ,
შენ ხარ ჩემი სანთელი...
დღემდე გზას რომ მინათებს.
თეთრი მონასტრებია...
შენ ზამთარი გიყვარდა...
და ცისფერი ფანტელი...
დღეს რომ, შენ თავს მახსენებს...
და რომ მომნატრებია...

ჩემი ოაზისი ხარ,
უჩვეულო წარსული...
უდაბნოში დარჩენილს,
გზად რომ მომლანდებია...
ახლა დეკემბერია,
შემოდგომა გასულა...
ახლა თოვლის ფიფქები,
ცივ ზამთარზე მღერიან...

ჩემი სიყვარული ხარ,
ფანტაზიის ნაყოფი...
მეფერება დილა და
მზე ხის ძირას ორსულობს..
შენი ცქერით ვერ ვძღები,
ან სადაა სამყოფი...
ახლა დეკემბერია და
თოვლი ისევ მოსულა...

ჩემი ფანტაზია ხარ
და სიცოცხლის საკიდე...
უდროო დროს საწოლში,
სიმღერად რომ მოვსულვარ...
შენს ფანჯრებთან წარსული,
მოგონებად დავკიდე...
ახლა დეკემბერია და
მზეა თითქოს ორსულად...

მოვალ წვეთებად
25.11.2010

შემოდგომის წვიმა ისევ მასველებს
წვიმის წვეთი მეფერება, თავიდან
შემოდგომა შენ სიყვარულს მახსენებს
იმ დროს,
შენ რომ მიყვარდი და წავიდა

შენზე ფიქრით დამათენდა, დილა და
წვიმის წვეთებს ვეალერსე, დილამდე
შენში, ჩემი სიყვარული მიყვარდა
და შენც
მინდა, წვიმასავით მიყვარდე

ახლა, წვიმა ფრთებს უშენოდ მისველებს
ღამეს ისევ გაეღვიძა უბეში
გადაიღო წვიმამ,
ახლა, ისვენებს
და ჭირდება ისევ, შენი ნუგეში

მე, როგორმე გადავიტან ამ წვიმას
მტკივა,
მაგრამ გაგეცლები ნატვრამდე
ყოველ დილას, შევაგროვებ ნაწვიმარს
ყოველ ღამე, შენს სახეს რომ ვხატავდე

ყოველ ღამე, შენთან ჩამოვჯდები და
მინდა წვიმა გაგიშალო, ლექსებად
მერე,
დილას მზეზე ავორთქლდები და
ყოველ ღამე,
შენთან მოვალ წვეთებად

როცა მომენატრები...
21.11.2010

როცა მომენატრები
და თუ, გავა წლები და
დრო ყველაფერს წაიღებს, რაც კი წასაღებია
მე შიშველი ვერხვივით,
გაძარცული დაგხვდები
ახლა პაემანზე რომ, შენ მაგივრად მხვდებიან

როცა მომენატრები
მოვალ, ფიქრებს გაგიმხელ
შემოვისხამ ფოთლებს და ხელში, თეთრი ვარდებით
ღამით დაგესიზმრები და ვერსაით წამიხვალ
ქარის გამოქროლებაზე, შენში ავშრიალდები

როცა მომენატრები
წავალ, ვივლი მანამდე
სანამ არ გიპოვი და გულს, შენამდე მოვიტან
სანამ, არ დაგპატიჟებ, თუნდაც, ჭიქა ყავაზე
სანამ, მე შენს თვალებში, თავს, ისევ არ მოვიკლავ

როცა მომენატრები
და თუ, ვეღარ გიპოვე
ზამთარმა თუ მომისწრო, თეთრ ფერებში გამხვია
შენ სიყვარულს მე გულში, უფრო ღრმად ჩავიტოვებ
შენს სიყვარულს, უმზეოს, ჩემს გულში რომ მარხია

როცა მომენატრები
წლები როცა გავა და
თუ სიბერე სიცოცხლეს, უშენობით დააჭკნობს
მე ლექსებში დავრჩები
მერე სადღაც წავალ და
უკან აღარასოდეს დავბრუბდები, არასდროს

მე მაინც, დავეცი...
16.11.2010

აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი
ქუდად რომ მიმაჩნდა ზეცა და ყოველი
დღეები მიდიან,
მე შენგან მრიყავენ
და მაინც, იმედით, გაზაფხულს მოველი

აღარ ვარ ისეთი, მე დღემდე ვეცადე
და მიწას ქალამნად, დღემუდამ ვიცვამდი
მე მაინც დავეცი,
ოცდაათ ვერცხლამდე
ოცნება გავყიდე, დღემდე რომ მიცავდნენ

წვიმიან ამინდში, მასველებს წვეთები
და თითქოს, ფესვებიც გავიდგი მიწამდე
სად გაქრა ის წლები,
ვერაფრით ვერ ვხვდები
სად გაქრა ფიქრები, მაშინ რომ ვიწამე

თვალებში ჩამდგარი, ცრემლი და დარდი ვარ
სადღაა ოცნება, სადღაა ხალისი
მე ახლაც ეულად,
უშენოდ დავდივარ
ცხოვრება მიმათრევს, უჩემოდ, თავისით

მეძახის ზამთარი და თეთრი ნისლები
ვერცხლებად ნაყიდი, იუდას დუმილი
მე სახეს მიმშვენებს,
შავ-თეთრი ნიღბები
უღმერთოდ დარჩენილს, დარდი და წუხილი

დღეები მიდიან
და შენგან მრიყავენ
მტკივა და, უშენოდ დავეცი მიწამდე
აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი.
და ახლა, ჩემს ღმერთად, ლოდინი ვიწამე

იცი, ახლა რა მინდა?
10.11.2010

იცი, ახლა რა მინდა?
თოვლი მინდა მათოვდეს
რომ, ხელახლა გაგიცნო, და
შენი კოცნა მათბობდეს

თოვდეს მინდა ფერები
ახლა, იცი რა მინდა?
უცებ, დაგივიწყო და
კვლავ, გაგიცნო თავიდან

მინდა, წლებს შემატოვო
კიდევ, იცი, რა მინდა?
დღე, წარსულში დავტოვო
და ვიცხოვრო, ხვალიდან

მინდა, გულს მინათებდეს
მზე და მერე გაწვიმდეს
ისე შეგიყვარო რომ
ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს

ახლა, იცი, რა მინდა?
სულ პატარა ცა მინდა
თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც
მომეფეროს ამინდმა

ვიცი, ახლა ვოცნებობ
მზე კი, სადღაც ჩავიდა
მინდა, სულ მადარდებდე
და სხვაგვარად, არ მინდა...

იცი, ახლა რა მინდა?
მე, პატარა ცა მინდა
მთელი ღამე მკოცნიდე და
დღეს, მჩუქნიდე თავიდან

საშიშია, უშენოდ...
9.11.2010

განა,
სიყვარულს უშენობა ეპატიება?
ფიქრი მაშორებს ოცნებას და,
მაინც გენდობი
შენი დუმილი,
ჩემს ფიქრებთან ვერ დამაშორებს...
რადგან,
ჩემს ფიქრებს, უწინდელზე მეტად ვენდობი...
გირჩევ, არასდროს არ დამტოვო,
სევდის ამარა
ახლა ღამეა,
მზე იცინის სადღაც შორიდან...
თორემ,
მე მართლა მიგატოვებ...
სხვასთან წავალ და...
შენთვის საკოცნელს,
ვიღაცასთან პეშვით მივიტან...
საკუთარ თავსაც მოვერევი,
ზურგს არ ვუჩვენებ
მე ხომ,
ჩემს გულში...
შენს სიყვარულს, ობლად ვატარებ...
ჩემი სიცოცხლე საშიშია, ახლა უშენოდ
და უშენობას,
უცილობელ სიკვდილს ვადარებ 

ის დღე...
9.11.2010

მე კარგად მახსოვს,
ის დღე,
შენ რომ, მჩუქნიდი სითბოს
თითქოს,
სასწორზე ვიდგე
ისე, მივტირი იმ დროს
ახლაც,
დღესავით მახსოვს
შენი, დაცლილი გული
ხელში მეჭირა, მარტოს
და ზეცას გამოკრული
ახლაც,
უშენოდ ვტირი
და მაინც, შენზე ვფიქრობ
წარსული ჩემში კივის
და შენთან ყოფნას ითხოვს
ისევ,
დამახრჩობს ფიქრი
გულს გამიხეთქავს დარდი
არ ვიცი, საით მივქრი
ან, რატომ შემიყვარდი.
მე კარგად მახსოვს,
ის დღე
ხელში ჩამაკვდა, ქარი
მე შემატოვე ფიქრებს
და,
მომიხურე კარი
მე ვარ,
ზეცა და მიწა
წყალში ნასროლი ბადე
მე, სიყვარული მინდა
რომ, კოცნით ფეხებს გბანდე

კაბას გახევდეს ქარი...
4.11.2010

ვდაობ საკუთარ თავთან...
ახლა, ვუშველი რაღას....
მე,
ზავი დავდე ქართან...
და ტანზე გახევ, კაბას...

ეგ შენი, სავსე მკერდი...
ისე,
ამაყად მიმზერს...
მკლავებში წევხარ, გვერდით...
მე კი, გადარებ იმ მზეს...

დილას მითენებ, როცა...
თავი მგონია, მარტო...
და ერთი,
შენი კოცნა...
მიყვარს და, ახლაც ვნატრობ...

და გეფერები ჩუმად...
შენ კი,
ჩურჩულებ შენთვის...
ახლა, ფიქრები დუმან...
მე კი, ვბობოქრობ ჩემთვის...

დილას მისველებს, ნამი...
ღამე,
ლოთივით შევსვი...
ვერ შევაჩერე წამი...
ისე მიყვარდი, გესმის?

მე, უშენობას არ ვთმობ...
და იმედი მაქვს, ხვალის...
მინდა,
არასდროს დაგთმო...
კაბას გახევდეს ქარი...

ნეტავ სხვა ვიყო...
30.10.2010

ნეტავ სხვა ვიყო...
უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან...
ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს...
მინდა შეგეძლოს,
ამომშალო შენი გულიდან...
მაგრამ, ვერასდროს გაამრთელებ გულის ნაპრალებს...

მე შენში ვცოცხლობ,
უჩემობა ვიცი ძნელია...
წვიმის წვეთებად დაეკიდა სევდას ცრემლები...
შენი სიცოცხლე,
სიყვარულზე უფრო ბევრია...
ალბათ, ამიტომ შენს სიცოცხლეს ასე ვევლები...

ნატრობ სხვა ვიყო,
გადაშლიდი წარსულს ახალით...
და ყოველ დილით, მიართვევდი ვარდებს ალიონს...
ვარდებს, რომელიც უჩემობით არის გამხმარი...
ვარდებს, რომელიც დამიჯერე ჩემი ბრალია...

ნეტავ სხვა ვიყო,
დამიშლიდი შენზე ოცნებას...
უშენოდ ისევ გადამრევდა სევდა, ფიქრები...
ზამთარი ისევ,
ჩვენს გულებში დაიმორცხვებდა...
მაგრამ სხვა არა ვარ,
და არასდროს, სხვა არ ვიქნები...

ბოდიშს მოგიხდიდი...
28.10.2010

ისე წახვედი რომ, სულმთლად დაგავიწყდი...
ისევ აერია დღეებს მისამართი...
ბოდიშს მოგიხდიდი,
თუნდაც არაფრისთვის...
ბოდიშს მოგიხდიდი,
თუნდაც ყველაფრისთვის...

ისე მიატოვა ქარმა, ცა და მიწა...
ახლა მოგონება დაქრის შორეული...
შენი სიყვარული,
ან, რამ დამავიწყა...
ან, რად მენატრები, სევდამორეული...

დიდხანს ვიყოყმანე, დრო რომ გამეყვანა...
ახლა, გელოდები...
სულის ნაპირებთან...
ზაფხულს, შემოდგომა სხვაგან წაეყვანა...
მე კი, შენს სიყვარულს ახლა ვაპირებდი...

შენმა განშორებამ ისე შემაშინა...
აწმყო ათასფერი,
შავად შემიღება...
ახლა დაგეძებ და მუდამ ძებნაში ვარ...
ალბათ, მიყურებ და ჩუმად გეღიმება...

ისევ იწურება ახლა, ოქტომბერი...
მე ვარ, შემოდგომა...
მტკივა ფოთოლცვენა...
წუხელ დაგინახე, სიომ დამიბერა...
მაგრამ ახლა ვხვდები, ისევ მომეჩვენა...

ისე დავიღალე, ჩემი არსებობით...
ისე დავიღალე, უგზო სიარულით...
შენთან მოვიდოდი,
თავგზას აგიბნევდი...
ბოდიშს მოგიხდიდი,
ჩემი სიყვარულით...

ურცხვი ფეხები...
26.10.2010

სურათი,
პოზა და...
ფეხები ნათალი...
სიშიშვლე მათრობს და თვალებით ვეხები...
მკლავს შენი წყურვილი...
და მაინც მართალი...
შევყურებ სურათს და, მაგიჟებს სურვილი...

ფიქრები,
ვნებები,
შენს სხეულს ვნებდები...
ოცნების ფერხულში, უშენოდ ჩავები...
გავები...
უშენოდ ვიარე წვალებით...
ფუნჯებით მოვხატე ნაცნობი თვალები...

მკლავს შენი სურვილი,
უძირო ცასავით...
მითრევს და მიმონებს, ათასი ფერებით...
მინდა რომ გიცქირო,
ნახატებს ვხატავდე...
სიგარა კუბური მოგართვა ღერებით...

ჩამოვჯდე ფეხებთან,
და შენზე სურვილით...
კოცონი დავანთო,
ავანთო ვნებები...
ფიქრები გაგიყო,
კოცნებით გაგართო...
თითებით გაგითბო, ეგ ურცხვი ფეხები...

სურათი,
პოზა და
ნაცნობი ფეხები...

ცაა თითქოს შიშველი...
20.10.2010

მძივებივით აესხა
დარდი ფიქრებს, მაფიქრებს...
ახლა, შემოდგომაა და
უშენობით გავშიშვლდი....
მოფანტულა ფოთლები,
გულში ვითვლი ნაბიჯებს...
მზე დამყურებს მაღლიდან, გაბუტული ბავშვივით...

სიყვარული დაფრინავს,
ირგვლივ მეფობს სიჩუმე...
მიტოვებულ აწმყოში,
ველოდები ფერიას...
ახლა, ისე მადარდებ,
ჩემი თავი ვირწმუნე...
ახლა შემოდგომაა და ცა, ყვითელი ფერია....

ფოთლებს გაყვა ოცნება,
და ტკივილიც ხორცდება...
ქარის გამოქროლება
ვნებასავით აშლილი...
გადარია სამყარო,
უთავბოლო ლოცვებმა...
ახლა შემოდგომაა და ფოთოლცვენა ნამდვილი...

მუხლმოყრილი გავედრებ,
ჩემს სიყვარულს, გნებდები...
ახლა დროა წასვლის და
დროა შემოღამების...
მერამდენე წელია,
შენზე ფიქრში ვთენდები...
მერამდენე წელია, მოვაღწიე წვალებით...

ერთმანეთზე აესხა,
დარდი ფიქრებს, მაფიქრებს...
დრო წაიღებს წასაღებს,
ბოლოს მაინც მიშველის...
ისევ გელოდები და
ისევ ვითვლი ნაბიჯებს...
ახლა შემოდგომაა და, ცაა თითქოს შიშველი...

მონატრება...
19.10.2010

შემომხედე ძვირფასო, ისევ გაზაფხულია...
ჩემს თვალებში,
სიცოცხლე უსიცოცხლოდ ჩატიეს...
მზე ღრუბლებში ტიროდა, ცხოვრებაა, რთულია...
ერთხელ დაგეკარგე და ისიც არ მაპატიეს...

მზე ცრემლებად იღვრება, იცი? რა ლამაზია...
ჩემი მოგონება და
მოგონილი ფიქრები?
ვესალმები გაზაფხულს, ტანზე მარტი მაცვია...
ისევ გაზაფხულია და ხელმეორედ იწყები...

ქუჩებს შემოპარვია შენი სუნთქვა - ნიავი...
ისევ მეალერსება,
და უშენოდ არ მტოვებს...
წუხელ ისე მომინდი, შენს ფანჯრებთან ვიყავი...
მხოლოდ დაგინახე და ისევ ჩუმად დაგტოვე...

ქარი მღერის სონეტებს, მენატრები ძალიან...
ჩემს თვალებში სიცოცხლის,
ჩამქრალია იმედი...
მე რომ ასე მიყვარხარ, გაზაფხულის ბრალია...
უკვე გაზაფხულია და ისევ შენთან მოვედი...

მზე ღრუბლებში დაცურავს, ისევ შემომესია...
შენი მონატრების და
მოგონების წუთები...
გზა შენამდე სავალი ვიცი, უმოკლესია...
მაგრამ, ისე მიყვარხარ, მთელი წლები ვუნდები...

შემომხედე ძვირფასო, ისევ გაზაფხულია...
მონატრება სიცოცხლეს,
შემოასკდა კვირტებად...

ვრჩები სამუდამოდ..
13.10.2010

მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...
მახსოვს...
შემოდგომა ფიქრებს მიფანტავდა...
ზეცა ჩემთან იყო, ფეხად ჩამოსული...
და შენს, გაღიმებულ თვალებს მიხატავდა...

ისევ დაუბერა ქარმა გამეტებით...
მახსოვს...
აშრიალდა ვარდი სამარეზე...
ისე შემიყვარდი, ვეღარ მემეტები...
ვწევარ სამარეში, ვფიქრობ არაფერზე...

ზეცა შემოვიცვი ტანზე ნაჩქარევად...
ისევ შემაცია,
ცივმა შემოდგომამ...
ღრუბელს დავუქნიე ხელი აჩქარებით...
ახლა, შემოდგომის წვიმა მელოდება...

ხედავ?
უჩემობამ თავგზა აგირია...
ცივი ოქტომბერი მიჰქრის მოგონებად...
შენი სიყვარული ჩემი ნაპირია...
ხედავ? აღარ ვარ და ისევ მაგონდება...

მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...
ახლა,
მენატრება ჩვენი შეხვედრები...
ახლა ყველა დილა, არის ჯადოსნული....
მარტო ნუ დამტოვებ, ისევ გევედრები...

გული,
სამარეში ფეთქავს გამეტებით...
აი, ვემზადები მზესთან საგუნდაოდ...
მე, ამ სამყაროდან, ვერსად გავეტევი...
მე, ამ სამყაროში, ვრჩები სამუდამოდ...

სიზმარი...
5.10.2010

შენი სხეული აუქციონზე გაჰქონდა ეშმას...
ღირდი - იაფი,
მუშტრის თვალით ყველა გამხელდა...
და იდგა ბუღი,
ირეოდა ოხვრა და ხვნეშა...
და იყო რიგი, უსაშველო და თან რამხელა...

შენი სხეული დადიოდა, ხელიდან ხელში...
მუშტრების ხმაზე,
შენი ფასი იწევდა ნელა...
კუთხეში, სადღაც მიგდებული ვიყავი, მტვერში...
შენი სხეულის, სიყვარულის, უხილავ მცველად...

სხეულზე ტატუ ამოგშანთეს და ჩაგწვდნენ გულში...
დამტოვეს მარტო,
ოცნებების, ფიქრების მძევლად...
გაგყიდეს, ჩვენი სიყვარული დამარხეს გუშინ...
ვიხსენებ წარსულს, რომ გვიყვარდა სიცოცხლე ძველად...

ცდილობ ცრემლები თვალებიდან, არვის უჩვენო...
მაგ თვალებს ვხედავ,
ეშმასავით ეხვევა ყველა...
შენი სხეული შიშველია, ახლა უჩემოდ...
კუთხეში ვზივარ, მტვერია და საშინლად ბნელა...

დახუთულ ოთახს, ფანჯრებიდან ასკდება, დილა...
შენს სხეულს,
ახლა ეფერება, ეშმა მალულად...
ვერ ვხვდები როგორ დაგივიწყო, ასე ადვილად...
ან ეშმა შენში,
რა უფლებით შემოპარულა...
* * *
მაღვიძებს უცებ,
სუსხიანი ოქტომბრის დილა...
გრილა...
შენ გძინავს...
მე შენს სუნთქვას ჩუმად ვიპარავ...
ვიხსნებ სიზმარს, ფიქრებში რომ შემოვარდნილა...
შენსკენ ვიხრები,
შიშველ სხეულს საბნით გიფარავ...

შენი კოცნა მაკლია...
30.09.2010

შენი კოცნა მაკლია და
გაბუტული ტუჩები...
შემოდგომა შიშველი, შენს სიყვარულს მპირდება...
დაუბერა ქარმა და
აშრიალდნენ ქუჩები...
მე კი, შენზე ვფიქრობ და ისევ, შენთან მინდება...

თავზე ფიქრი მაყრია და
შემოდგომის ფერები...
მეცემიან ლოყაზე, წვიმის თეთრი ლაქები...
მოვალ ჩუმად გაკოცებ,
მერე მოგეფერები...
ისევ გაგაგიჟებ და ისევ, ჩუმად გავქრები...

შენი კოცნა მელის და
ჩამოქნილი თითები...
ჩემს სხეულზე მალიმალ, ზოლად ეფინებიან...
გარინდული გისმენ და
შემომაწვა ფიქრები...
თავბრუს მახვევს, თითები... და არ მერიდებიან...

ეგ თვალები ფიქრის და
მონატრების ფერია...
გახსოვს? რომ გიკოცნიდი, თვალებს უფრო ხუჭავდი...
დამიჯერე უშენოდ,
ეს ცხოვრება, ძნელია...
სიყვარულის გარეშე... კოცნა არაფერია...

შენზე ნატვრით რამდენჯერ,
დამელია წუთები...
ვიცი ისევ გიყვარვარ, მაგრამ, არ მეუბნები..
მთელი წლები უშენოდ,
მხოლოდ გავლას ვუნდები...
და დღეებიც მიქრიან, თავგზააბნეულები...

ცქერით ბევრი გიცქერის,
ცოტანი თუ ხვდებიან...
რა ლამაზი გული გაქვს და, რა საოცრად ჩემია...
მე სიცოცხლეს გაჩუქებ,
შეშლილსა და ვნებიანს...
ჰოდა, უნდა მოხვიდე... მეტი, რა დაგრჩენია?
შენი კოცნა მაკლია და
გაბუტული ტუჩები...

სანამ გიპოვი...
27.09.2010


ვიცი არ მიპასუხებ,
გასული ხარ ზონიდან...
მაგრამ შენზე ფიქრები, სიყვარულზე მეტია...
შენს ბაგეზე ყოფნა და შენი სუნთქვა, მომინდა...
ცრემლი გამეჩხირა და გულში, არ დამეტია...

გეძებ მთელი ცხოვრება,
მოვატოვე წარსული...
ვერ გავიგე უჩემოდ, რატომ გიჯობს სოცოცხლე...
მერამდენედ გირეკავ, ზონიდან ხარ გასული...
ნეტავ თუ გენატრები, ეს რომ მაინც, ვიცოდე...

გზაში წამომეწია,
დრო, უშენოდ მავალი...
ვკითხე, სად დამეკარგა სიყვარული თავნება...
მიპასუხა, რომ ახლა, დროა გარდამავალი...
არ შემშვენის აწმყოსთან პარალელის გავლება...

ისე დავემშვიდობე,
არ მითქვია ნახვამდის...
ვინც ეძებსო პოულობს, მომაძახა შორიდან...
მინდა, სანამ გიპოვი, სანამ სადმე გნახავდე...
მზეს ამოსვლა დავასწრო, დილა შენ რომ მოგიძღვნა...

დრო ოთახში ჩავკეტე,
დღეებს ვითვლი თითებზე...
თვალებს ისევ ატყვიათ, მონატრების სისველე...
ისე მომენატრე, რომ გავიბუტე ფიქრებზე...
გულში თუ არ ჩაგიკრავ, მანამ ვერ მოვისვენებ...

შარზე ვარ...
24.09.2010

შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...

არ ვიცი.
წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...

არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...
ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...
არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...

არ ვიცი,
სანამდე ამიმღვრევს გონებას...
რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...
რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...
თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...

საომრად...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...
არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...
შარზე ვარ,
საშველად საწამლავს დავისხამ...
და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე...

ისევ მოვა ზამთარი...
21.09.2010

ზაფხულს ვემშვიდობები,
გულში, თითქოს აცივდა...
შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად...
დილა გამითენდა და მერამდენედ გაწვიმდა...
მე წვიმაში ვეძებდი, შენს სიყვარულს საწვიმრად...

ისევ სევდიანია,
მზე იცინის შორიდან...
ეგ თვალები წარსულში, უმიზეზოდ დავტოვე...
შემოდგომა წვიმით და მოგონებით მოვიდა...
თურმე, ასე ძნელია, უშენოდ სიმარტოვე...

შენი მოგონებები,
ვიცი, ჩემი ნაკლია...
ზაფხულს აღარ ვჭირდები, მაგრამ შენთან მინდება...
თითქოს ჩემს თავს ვეძებ და თითქოს რაღაც მაკლია...
ვიცი ზამთარს უშენოდ, როგორ გაუჭირდება...

მე თუ შევძლებ ატანას,
ვიცი მოხვალ, მიშველი...
მაპატიე ფიქრი და მაპატიე, თამაში...
შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში...

ზაფხულს ვემშვიდობები,
ვეძებ წარსულს, სად არი?
შენმა მზერამ უღმერთოდ, მე წარსულში დამტოვა...
შემოდგომა წავა და ისევ მოვა, ზამთარი...
მე კი, გაზაფხულივით გელი, მაგრამ, მარტო ვარ...

მე წვიმაში ვეძებდი...
შენს სიყვარულს, საწვიმრად...

ნაფეხურები...
16.09.2010

მე, ის კაცი ვარ...
უდარდელი,
ერთი შეხედვით...
ცა ქუდად რომ არ მიაჩნია,
მიწა ქალამნად...
სიყვარული რომ დაეკარგა, უცებ, შემთხვევით....
და დარჩა ასე უმომავლოდ, სევდის ამარა...

რა ვქნა...
თუ მერე,
ვერ მოგისმენ ასე, შორიდან...
შენს სიყვარულზე,
მე არასდროს მითქვამს უარი...
ეს გრძნობა, გულში თავის გზებით, ნებით მოვიდა...
და ახლა, ისე იღიმება, როგორც სტუმარი...

მე კი მოვედი...
შენი სითბო,
კოცნა მწყურია...
შენა ხარ, ჩემი მომავალი. გზაც და დიდებაც...
მე ქუდის ნაცვლად, შიშველ თავზე ცა მახურია...
ვიცი გჭირდები, მეც უშენოდ გამიჭირდება...

აღმართს...
უშენოდ ცხოვრებისას,
მე ვერ ავივლი...
მე ფიქრი შენზე, უფრო მეტად, ახლა მახელებს...
გპირდები, ისევ დაგიძახებ, როცა ჩაგივლი...
ქარივით ყელზე მოგეხვევი, მოგხვევ ამ ხელებს...

უშენოდ...
გული აღარ სუნთქავს,
სუნთქვას ვინახავ...
მე წამებს ვითვლი, დავიღალე გზისკენ ყურებით...
იქნებ ქარი ხარ. მე რომ მომდევს, ან, ის შენა ხარ...
გულს რომ ატყვია, ასე მწარედ ნაფეხურები...

ცეკვა მაცალე...
14.09.2010

წუხელ,
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს...
მათოვდა ღამე, შავი ნისლებით...
მას მერე ვფიქრობ, მას მერე ვდარდობ...
მას მერე, ყოველ ღამე ვინთები...

ღამეა,
მთვარე შენს თავს მაგონებს...
და ტანგო, გულში სიყვარულს ანთებს...
მე, თითქოს შენში შემომაგორეს...
მას მერე, შენი ტკივლი მმართებს...

ახლა?
გათავდა თითქოს ეს ღამე...
მეძახის მთვარე, ქარის კივილით...
არ მინდა ისევ, ვიყო მესამე...
და მოწყენილი მქონდეს, ღიმილი...

იმ დღესაც,
ტანგო მათრობდა თითქოს...
და მთვარეც, აღარ მიშლიდა ტირილს...
არ მინდა ვალსი! მე ტანგოს ვითხოვ!...
და როიალზე ხმამაღლა ვყვირი...

ეს მელოდია,
ღამეც და მთვარეც...
მთელი ცხოვრება შენით ვაწვალე...
შენი ლოდინით, გადაღლილ თვალებს...
დამითმე ღამე, ცეკვა მაცალე...

წუხელ,
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს...

არ ვარ პოეტი...
14.09.2010

არ ვარ პოეტი,
მე ეს სიტყვა, უფრო მაშინებს...
ვინ მოსთვლის, დღემდე აგატკიე სევდა, რამდენი...
მე შენში ვრჩები, უჩემობა თუ შეგაშინებს...
ცოდვებს გაგიმხელ, უსირცხვილოდ შენთვის ჩადენილს...

მე ვარ უგულო,
პოეტობა თურმე ფარსია...
ვიცი გამიგებ, არ გიტოვებ, როცა არჩევანს...
ლექსმა დუმილად და ფიქრებად გადამაქცია...
და ახლაც ისევ, ჩემს ლექსებთან მინდა დარჩენა...

არ ვარ პოეტი,
ამ სიტყვამდე კიდევ შორია...
არ ვთმობ მომავალს, ეკლებივით ირგვლივ მოფენილს...
მე უიმედოდ და უშენოდ, არ მიცხოვრია...
გულს მიკლავ, როცა შემოგყურებ ასე მოწყენილს...

უცხო მგზავრი ვარ,
ჩამოსული უცხო ქვეყნიდან...
სიზმარში გხედავ, ყოველღამე რეკენ ზარები...
ცხოვრება შენი თვალებიდან გამომეკიდა...
ახლა მივდივარ და უშენოდ მივემგზავრები...

არ ვარ პოეტი
სიყვარულმა გამინაპირა...
იცი მიყვარხარ, მეყვარები კუბოს ფიცრამდე...
მარტი უშენოდ მიატოვა, თურმე აპრილმა...
ჩემი ლექსები დაიტოვე, შენ რომ გიცავენ...

არ ვარ პოეტი...
მე, ეს სიტყვა უფრო მაშინებს...

რომ შემეძლოს...
8.09.2010

რომ შემეძლოს გაგიცვლიდი კი არა...
შენი მზერით,
ვიცხოვრებდი მუდამ...
დრომ უშენოდ, კარგა ხანი იარა...
მე კი, შენი სიყვარული მსურდა...

რომ შემეძლოს გაკოცებდი, კი არა...
შენს ბაგეზე,
გაგიშლიდი კარავს...
მე, სიცოცხლეს მოგირჩენდი მზიანად...
და მცხეთაში გაჩუქებდი არაგვს...

ეგ ცა, შენსკენ ოცნებებით მირბოდა...
შენი გული,
მოვიპარე წმინდა...
გეფიცები, არაფერი მინდოდა...
მხოლოდ, შენი სიყვარული მინდა...

ეგ თვალები, სხვას რომ ეალერსება...
სხვას რომ ჩუქნის,
სიხარულს და ღიმილს...
მენატრება, გული დარდით მევსება...
მოდი, იქნებ მომარიდო ტკივილს...

რომ შემეძლოს გაგიცვლიდი, კი არა...
გაჩუქებდი,
სიყვარულს და სითბოს...
წუხელ მთვარემ წამით შემომიარა...
და მას მერე, შენთან ყოფნას ვითხოვ...

დამიბრუნე უკან...
6.09.2010

არაფერი არ მოხდება, ისე...
შენი ნებით,
თუ არ მოხვალ ჩემთან...
საყვედურებს, მერამდენედ ვისმენ...
მაგრამ, ვიცი მართალი ვარ ღმერთთან...

მელოდება შენი მზე და მთვარე...
მენატრება,
ზაფხული და სითბო...
უშენობით მართლა დავიღალე...
ღამეა და თითებს ცეცხლზე ვითბობ...

მთელი ღამე ვიწრიალე მარტომ...
არ მეღირსა ისევ შენი ნახვა...
რად დამტოვე,
ამ ღამეში მარტო...
ანდა, რატომ მენატრები ახლა...

მთვარე მღერის მივიწყებულ ზღაპარს...
მოვალ,
თვალზე აგაფარებ თითებს...
მერე, ზღაპარს მოგიყვები ახალს...
და მთვარესაც დავაძინებ თითქოს...

ახლაც შენი მონატრება მათბობს...
ისევ ისე, ველოდები დარებს...
ოღონდ გნახო,
მერამდენედ ვნატრობ...
და სიყვარულს ნუ გაატან ქარებს...

ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
დამიბრუნდი,
მოწყენილი ნუ ხარ...
ჩემი კოცნა დაიტოვე, გქონდეს...
ოღონდ მერე დამიბრუნე უკან...

სიზმრად მოდი...
2.09.2010

ისევ ლექსებს ავედევნე, ახლა...
თუ გიყვარვარ,
მაშინ ნუღარ წახვალ...

ღამე ფიქრებს მიაძინებს, სადმე...
მინდა ისევ,
შენს ტუჩებში დავდნე...

ზეცა მინდა მოგაფარო, საბნად...
შენი სითბო,
ჩავისუნთქო ხარბად...

ცაზე, ჩვენი სიყვარული ენთოს...
ღამე,
შენით გამითეთრე, ღმერთო...

ამერიოს წარსული და აწმყო...
და რითმები,
მთელი ღამე ვაწყო...

მინდა, ისევ აგარიდო ნისლებს...
სიყვარული,
გვაგიჟებდეს ისევ...

შენით მთვრალი, მზე მითბობდეს დილას...
ჩაძინებულს,
მოგეპარო ფრთხილად...

გვირილები გავაშიშვლე, მარა...
ვერ გავიგე,
გიყვარვარ თუ არა...

ისევ ლექსებს ავედევნე, ვითომ...
სიზმრად მოდი,
სხვას არაფერს ვითხოვ...

ის კი, არ მოდის...
31.08.2010

დღეს სულერთია, ვინ ვარ და რა ვარ...
ან სად ვარ?
რატომ?
რისთვის და როდის...
არ ვიცი დარდი, არ ვიცი დაღლა...
ქარი ვარ, შენთვის მუდამ რომ ვქროდი...

დღეს სულერთია, ვინ ვარ და რა ვარ...
წარსული მიდის,
და აწმყო მოდის...
გავთელავ ბილიკს და მაინც წავალ...
საკორტნად, დღეებს მივუგდებ ლოდინს...

უშენოდ ტყვიას დავუთვლი წამებს...
გიმღერებ,
ბოლოს სევდის კილოზე...
შენ, ყოველ ღამე ამინთებ სანთელს...
შენ, ყოველ ღამე ჩემთვის ილოცებ...

და მაინც,
ბოლოს შუბლს მივცემ ლულას...
გამოვკრავ ჩახმახს,
დარდით და გლოვით...
მე ვიცი, ბრძოლა წავაგე მტრულად...
მე ვიცი, რომ ჯერ წინაა ომი...

ვინ იცის, რა ვარ...
ვინ იცის, ვინ ვარ...
ან სად ვარ,
რატომ?
რისთვის და როდის?
მე ახლაც, ისევ სასხლეტზე ვზივარ...
სიკვდილი მინდა, ის კი, არ მოდის...

სხვას ვეტყვი, რომ შემიყვარდი...
9.08.2010

ნუ დამიშლი შენზე ფიქრებს...
ნუ გამიშრობ ცრემლებს თვალზე...
თორემ,
უსასრულოდ ვიფრენ...
თორემ,
დავფიქრდები სხვაზე...

ნუ გამიშვებ ღამე სხვასთან...
ნუ დამინგრევ იმედს ხვალის...
თორემ,
გიღალატებ ზღვასთან...
არ იქნება ჩემი ბრალი...

ნუ დამითვლი მერე წამებს...
ნუ იფიქრებ მხოლოდ შენთვის...
თორემ,
დარდი გამაწამებს...
გულიც ამევსება დენთით...

ნუ შემხედავ ასე საწყლად...
ნუ განაბავ სხვისთვის თვალებს...
თორემ,
სულ, ყველაფერს დავწვავ...
და ნურაფერს დამაბრალებ...

ნუ იფიქრებ, ისე მენდე...
მე ხომ, შენი ფიქრი მტკივა...
თორემ,
ვერ მოვიცდი დღემდე...
არაფერი გამომივა...

ნუ დამტოვებ ასე მარტო...
ნუ დამცინებ, არ ვარ ღირსი...
რომ,
არასდროს გიღალატო...
სხვას რომ არ შევფიცო ფიცი...

ნუ მიმაჩვევ უშენობას...
ნუ ამივსებ სევდას დარდით...
თორემ,
მივატოვებ ყველას...
სხვას ვეტყვი, რომ შემიყვარდი...

ცრემლიანი თვალებით...
8.08.2010

მიყურებს სიკვდილი,
სევდიანი თვალებით...
იცოდი, სიკვდილს რომ სიცოცხლე აშინებს?
და მაინც,
მერე თუ... შენ შეგებრალები...
დავხუჭავ თვალებს და მოვკვდები მაშინვე...

მე შენზე ფიქრები,
სიკვდილსაც მიშლიან...
ცრემლები შევიშრე, მე შენზე ლოდინით..
მე ღამე მოვკვდები
და სადღაც მისვრიან...
მთებიდან მოწყვეტილ... უნიჭო ლოდივით...

თვალებში... ცრემლები,
სევდა და მუდარა...
ამაღლებს, სიკვდილსაც სიცოცხლე სწყურია...
მე ღამემ მომხვია,
ხელები - სუდარა...
და ახლა, სიცოცხლე სიკვდილზე რთულია...

მე ვიცი,
უფალმა სიკვდილი მაჩუქა...
მას შემდეგ დაგეძებ, არ ვიცი სადა ხარ...
რომ გითხრა,
უფალმა სიკვდილი დატუქსა...
და მასაც, ამიტომ ვუყვარვართ ხანდახან...

დავხუჭე თვალები და მოვკვდი მაშინვე...
და მაინც,
სიკვდილსაც არ ვებრალები...
მე ვიცი, სიკვდილს რომ სიცოცხლე აშინებს...
ახლა რომ მიყურებს,
ცრემლიანი თვალებით...

ახლა კი, მშვიდობით....
5.08.2010

ჩერდება წამი და...
უძრავად გიყურებს თვალებში...
ღმერთია მოწამე, უშენოდ, ვერ ვზიდე უღელი...
ფიქრების გორამდე, როგორღაც მივედი წვალებით...
დავყურებ მაღლიდან, ლამაზად მოცურავს ღრუბელი...

და თეთრი ღრუბელი,
ოცნებებს, ძალით რომ მიათრევს...
მაციებს სიო და ბალახის სურნელი მაოცებს...
წამი კი, წუთებს და საათებს ქარივთ მიარღვევს...
მიბერავს წამი და... ჯერ კიდევ (იქამდე) მაცოცხლებს...

სანამდე გიპოვი...
სანამდე ჩაგხედავ თვალებში...
სანამდე მოვალ და თასმებად შევიკრავ გაზაფხულს...
სანამ არ გიპოვი, ამ ღმერთით დალოცვილ ბრწკალებში...
სანამ არ შეიგრძობ, ოცნებებს,... სტროფებად დანაყულს...

მე მინდა გიპოვო...
და მთიდან რუპორით გეძახი...
მესიჯებს გავატან, ღრუბელზე წამომჯდარ ქარიშხალს...
წერილებს მოვაბნევ ჰაერში, მტრედების ძებნაში...
გეტყვი რომ მიყვარხარ და მერე დავისხამ დარიშხანს...

დავხუჭე თვალები,
და წამიც, უეცრად გაჩერდა...
ღმერთია მოწამე, უშენოდ, ვერ შევძელ სიცოცხლე...
მე სული ვიყავი, თვალით რომ ვერავინ მამჩნევდა...
ახლა კი, მშვიდობით... უჩემოდ, ლამაზად იცოცხლე...

მარტო ვგდივარ...
2.08.2010

აღარც, დილა მეფერება ძველებურად...
აღარც, მზე არ მელოდება ალიონზე...
მე სიცოცხლე შევიფერე, შენებურად...
და ფიქრებით, გამოვტენე ყალიონი...

აღარც, ღამეს ვენატრები ისე ძლიერ...
აღარც, მთვარე მეტმასნება უნებურად...
მე ფიქრები, ხელისგულში დავამწყვდიე...
და მომავალს ვალამაზებ, ჩემებურად...

აღარც, წლები მაგონდება, უკვე დათბა...
და ზაფხულსაც შეეპარა, თითქოს დარდი...
მცხელა, მაგრამ გელოდები მე წყლის გაღმა...
და ხელში მაქვს, მომაკვდავი, ერთი ვარდი...

აღარც, წვიმა მეგებება საღამოზე...
აღარც, ზღვაა ძველებურად მხიარული...
მე ღრუბლებმა გამიტაცეს, კაბადონზე...
მენატრება ეგ თვალები, ჭკვიანური...

აღარც, ცაა ძველებურად მოწმენდილი...
არც თოლია მეგებება, ყოველ დილას...
ვარ უშენოდ და უმზეოდ, მოწყენილი...
და ნაპირთან, სველ ქვიშაზე მარტო ვგდივარ...

--------------------------------

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

 

 

 

Copyright © All rights reserved | Zviad kechakmadze