ლექსები

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

--------------------------------
 

* * *

(ნიკო გომელაურის ხსოვნას)

13.04.2010

 

მზეა გარეთ,

გულს სხივები ვერ ათბობს...

მახსოვს ღვინო,

შავი ღვინო მათრობდა...

შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო...

მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...

 

ლექსებს ისევ,

შავ ღვინოში დავეძებ...

ატმის ბაღებს უშენობა ათოვდათ...

რას დავეძებ მომავალს და აწმყოს...

მე, წარსულის მოგონება მათბობდა...

 

ტანჯვას მაინც დავიკიდებ ფეხზე...

ისევ მოვალ ზვარაკად და მათხოვრად...

არ ვიფიქრებ,

არ ვიდარდებ ბედზე...

მიგვატოვე და უღმერთოდ მარტო ვართ...

 

დაგვტოვე და მაინც ისევ აპრილდა...

მზეა მაგრამ,

თითქოს მზეც კი ვერ მათბობს...

ახლა, მართლა უცნაურად აგრილდა...

შავი ღვინოც უშენობით დამათრობს...

 

შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო...

მახსოვს ღვინო,

შავი ღვინო მათრობდა...

მზეა გარეთ,

გულს სხივები ვერ ათბობს...

მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...

 

სიზმარში...

7.04.2010

 

ზოგჯერ მგონია,

სიზმარში ვცხოვრობ...

და გამუდმებით გეძებ და გნატრობ...

თავისუფლება შენში რომ ვპოვო...

სიზმარს, უშენოდ ყოველდღე ვათრობ...

 

ზოგჯერ მგონია,

სიზმარში გხედავ...

მავიწყებ აწმყოს, მაინც იმედით...

და თითქოს, ფიქრებს მე ვეღარც ვბედავ,,,

და თითქოს, უკვე სადღაც მივედით...

 

ზოგჯერ მგონია,

სიზმარში მოხვალ...

და არასოდეს დამტოვებ მარტო...

არადა ვიცი, შენ ისე შორს ხარ...

რომ, დღესაც ისევ ისევე გნატრობ...

 

ზოგჯერ მგონია,

სიზმარში მნახავ...

და ღამის პირზე ფიქრებს გამიღებ...

ო, როგორ მინდა მოგენდო ახლა,

და სანამ დილა სხვაგან წამიღებს...

 

ზოგჯერ მგონია,

სიზმარს ვეჩვევი...

ასე დაღლილი ღამეც ღამდება...

სიზმარში ისევ შენთან ვეშვები,

და ღამეც ისევ, ჩუმად წყნარდება...

 

ზოგჯერ სიზმარში,

გეძახი თითქოს...

დაგეძებ, გნატრობ, ისევ გიგონებ...

და გული ისევ, შენს ამბორს ითხოვს...

და მთელი ღამე კოცნას ვიგონებ...

 

რა მინდა?..

5.04.2010

 

აპრილდა,

და მარტიც უშენოდ გაფრინდა...

წლები და თვეები წავიდა,

რა მინდა?

რად მინდა?

არ ვიცი...

მართლა არ ვიცი...

რა მინდა...

 

მე ვიცი, აპრილდა...

მე დაგდევ აპრილთან...

უღრუბლო ნაპირთან,

რა მინდა?

რად მინდა?

არ ვიცი,

მართლა არ ვიცი...

რა მინდა...

 

მე ვიცი,

გეძახე ნამდვილად...

სადა ხარ?

ვერ გნახე ადვილად...

ამიტომ მოვედი აპრილად...

რა მინდა?

რად მინდა?

არ ვიცი...

მართლა არ ვიცი...

რა მინდა...

 

მარტი ხომ წავიდა...

ზამთარი გავიდა...

და ზაფხულს ვეძახი,

ისევე თავიდან...

რა მინდა?

რად მინდა?

გგონიათ მე ვიცი, რა მინდა?

არ ვიცი...

მართლა არ ვიცი...

რა მინდა...

 

დავიწყოთ თავიდან?

აპრილდა,

და მარტიც უშენოდ გაფრინდა....

წლები და თვეები წავიდა...

ნეტავი ვიცოდე...

რა მინდა...

ან დღეს რაღატომ

აგრილდა?

 

დამაბერე...

1.04.2010

 

მაგიჟებენ ნაოჭები შენს სახეზე...

მერამდენედ ველოდები თვალებს მზიანს...

დამაბერე,

ო, რა ძლიერ დამაბერე...

მაგრამ ფიქრი არასდროს არ დამკარგვია...

 

მაოცებენ, ეგ თვალები სევდით სავსე...

მერამდენედ ველოდები თვალებს წყლიანს....

დამაბერე,

ო, რა ძლიერ დამაბერე...

არც ოცნება არასდროს არ დამკარგვია...

 

მაშინებენ შენს სახეზე ნაოჭები...

მაბიჯებენ,

გულზე ისევ მაბიჯებენ...

შემოგყურებს გაზაფხული გაოცებით...

მაშინებენ და უღმერთოდ მაგიჟებენ...

 

მე სიცოცხლე შემაყვარა შენმა ნატვრამ...

მერამდენედ ვეფერები თვალებს მარტო...

დამაბიჯე,

შენთვის სუნთქავს გული, მართლა...

დამაბერე რომ უცებ არ გიღალატო...

 

შენს სიყვარულს აწითლებულ ღაწვებს ვანდობ...

მოხვიდოდე...

ორნი ერთად დავეტევით...

დავბერდი და

უშენობით ისევ ვდარდობ...

და სიბერეს ვებრძოლები გამეტებით...

 

გიგზავნი სტრიქონებს...

31.03.2010

 

გდიე და გეძებე ნისლსა და ბურანში...

მეგონა გიპოვე,

კვლავ ფიქრებს მიგანდე...

მთელი გზა გავლიე მე, შენზე ზრუნვაში...

და ღამეც, უშენოდ გავზომე დილამდე...

 

ახლა კი, ღამეა და ვიცი, მჭირდება...

ეს ღამეც მივანდო ისევე, მაჟორებს...

შენ ალბათ, ვერ ხვდები...

თუ როგორ მინდება...

და მაინც შენამდე, ეს ღამე მაშორებს...

 

ეს ღამეც, ისევე გადავდე ხვალისთვის...

მე ვიცი გიპოვი,

სიყვარულს გპირდები...

რომ ღამე თავისთან, წამიღებს თავისთვის...

რომ მოვალ და გეტყვი, რომ ისევ მჭირდები...

 

და მაინც, ეს ღამე ფიქრებით მევსება...

იმ დღეებს ვიხსენებ,

იმ კოცნას ვიგონებ...

როდესაც ეგ გული, გაგითბო ლექსებმა...

და ახლაც,

იმედად გიგზავნი სტრიქონებს...

 

როიალი...

7.03.2010

 

დღემდე

მაგიჟებდა ფიქრი არაფერზე...

ღამით მაღვიძებდა, მთვარე მგლოვიარე...

იწვა უშენობა შიშველ ქარაფერზე,

ღამეს უმღეროდა შავი როიალი...

 

მესმის,

უშენობამ დარდი წამიშალა

თავი მომაბეზრა ქარის ბორიალმა

ისევ მერამდენედ მომდევს ქარიშხალი

ისევ მესიზმრება, შავი როიალი...

 

მკლავდა...

უშენობა, ისევ გამეტებით

ღამეს მიღვიძებდა, მთვარე მომტირალი...

ლოდინს უსაშველოს ვაღმერთებდი

ახლა, მენატრება შავი როიალი

 

ისე მეშინია...

ღამეს ვეფარები....

ვიცი, გამაღვიძებს მთვარე, მგლოვიარე...

ისევ აჩრდილივით შემომეპარები

შენს თავს გამახსენებს, შავი როიალი...

 

ამარტდა...

1.03.2010

 

გაზაფხულს თვეები უეცრად გასცვივდა...

ამარტდა,

თებერვალს ჩამოვრჩი წვალებით...

ვიგრძენი, უშენოდ... ო, როგორ აცივდა...

მარტი კი, მიყურებს კვლავ შენი თვალებით...

 

წარსულში დავტოვე ფიქრი და აზრები...

ამარტდა,

თებერვალს საკინძე შეხსნია...

გაზაფხულს, უშენოდ მოვტაცე ფრაზები...

მარტი კი, აქაა და ვიცი, შენშია...

 

სუსხი და სიცივე მივაგდე კუთხეში...

ამარტდა,

თებერვალს ვივიწყებ ამაოდ...

წარსული აგდია უაზროდ წუმპეში...

მარტი კი, მიბერავს ქარივით მარაოს...

 

გამექცა უეცრად ფიქრები წარსულთან...

ამარტდა,

თებერვალს მივენდე მაშინვე...

არ ვიცი რა მინდა,

ვერ მივხვდი რა მსურდა...

და მარტიც უშენოდ, ისევე მაშინებს...

 

და მაინც, იმედი მაგიჟებს შიშველი...

ამარტდა

თებერვალს ფიქრები გასცვივდა...

გაზაფხულს მივენდე,

ვიცი რომ, მიშველის...

უეცრად ავღელდი და მარტიც აწვიმდა...

 

არ ვნანობ...

22.02.2010

 

მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...

დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...

არ ვნანობ,

ტალღები მანამ თუ მომკლავენ...

სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

 

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...

არ ვიცი, რა მოსდით...

არ ვიცი, რა ვუყო...

არ ვნანობ,

ტალღები მანამ თუ მომკლავენ...

სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

 

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...

შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...

არ ვნანობ,

ტალღები მანამ თუ მომკლავენ...

სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

 

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...

ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...

არ ვნანობ,

ტალღები მანამ თუ მომკლავენ...

სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

 

დღეს,

მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...

და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...

არ ვნანობ,

ტალღები ახლა თუ მომკლავენ...

და მერე,

უეცრად მიპოვი ნაპირთან...

 

გელოდები...

19.02.2010

 

ღამე გაშიშვლებულ მთვარეს აფერადებს...

ფოთლებს აფრიალებს ქარი გამეტებით...

ფილტვებს დავიბერავ,

სულის ჩაბერვამდე...

მოდი,

ერთ საწოლში ორიც დავეტევით....

 

ღამე ჩაფიქრებულ მთვარეს ეპარება...

ცივა გაშიშვლებულ ხეებს, დალოცვილი...

მინდა დაგინახო,

მთვარე მეფარება...

მე კი,

გელოდები ხელებგამოწვდილი...

 

ღამე ობოლივით დამდევს, მომლოდინე...

ვერსად გავექეცი, ვერსად დავემალე...

სიზმრებს მივეძალე,

შენი მოლოდნით...

ვიცი ამ ლოდინში,

როგორ დამეღალე...

 

ღამეს მიგიჟებენ ჩემი ქალღმერთები...

ხეებს ეფერება ქარის მარწუხები...

მე ხომ, შენს სიყვარულს

დღემდე ვაღმერთებდი....

იქნებ მაპატიო,,

თუკი გაწუხებდი...

 

მთვარეს, გაშიშვლებულს, ღამე ავიწყდება...

უკვე მერამდენე ღამე, მეორდები...

ფილტვებს დავიბერავ...

სუნთქვას დავიწყებ და

გულში შეგინახავ ადგილს..

გელოდები...

 

დღეები მელიან...

17.02.2010

 

დღეები დნებიან, თოვლივით...

ფიქრებად...

გაყინულ აწმყოში, მამშვიდებს წარსული,

მე მოვალ თოვლად და მე მოვალ ფიფქებად...

ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,

ზრდასრული...

 

დღეები მიქრიან, უშენოდ...

ვბერდები...

დაღლილა ფიქრები ცბიერი წარსულით,

უკან რომ დაგდევდი ქარივით, ვჩერდები...

ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,

ზრდასრული...

 

დღეები მელიან, მომავლის...

იმედით...

ცრემლიან ღრუბლებში, ნავარდობს წარსული,

რამდენი ვიარეთ და მაინც მივედით...

ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,

ზრდასრული

 

დღეები მარხავენ, უშენოდ...

იმედებს...

გალუმპულ მიწაზე ეცემა წარსული,

მე აწმყო გავთელე და ფიქრებს მივენდე...

ვერცხლისფერ სამოსში, და უკვე...

ზრდასრული...

 

დღეები სავსეა, უმიზნო...

ზრახვებით...

გამომშრალ ტალღებში იხრჩობა წარსული,

ვიხსენებ...

შენ და მზე, წარსულში მახვევდით....

ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,

ზრდასრული...

 

დღეები დნებიან, თოვლივით...

მაშინებს...

უშენო აწმყო და დაღლილი წარსული,

მე ხომ შენ მოგენდე, არ გახსოვს?

მაშინვე...

ვერცხლისფერ სამოსში და მაინც...

ზრდასრული...

 

ვფიქრობ დილამდე...

10.02.2010

 

მთელი ცხოვრება მხრებით ვატარე,

მთელი ცხოვრება ღიმილს ვმალავდი....

ქარში, წვიმაში გამომატარე...

დ ახლა, თითქოს, დავპატარავდი...

 

მთელი ცხოვრება ვავსებ ნაპრალებს,

ვეძებ ბილიკებს, მთებში მიმავალს...

მე უშენობა ქარს დავაბრალე

და ახლა, ფიქრებს მთებიც მიმალავს...

 

მთელი ცხოვრება ვათრობ ყვავილებს,

სადღაც იქ, მელის ხმელი ჭადარი...

ხვალ უშენობას ავიყვავილებ,

და ახლა, მაინც ფიქრებს დავხარი...

 

მთელი ცხოვრება ფიქრებს ვუნდები,

მთელი ცხოვრება სიზმრებს ვიხსენებ...

მივდივარ, მერე ისევ ვბრუნდები...

და ახლა, ისევ მთები მისმენენ...

 

მთელი ცხოვრება ფიქრში გავლიე,

მთელი ცხოვრება ფიქრებს მივანდე...

მთელი საღამო შენით ავრიე...

და ახლა, ისევ ვფიქრობ, დილამდე...

 

წამით...

3.02.2010

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს...

ისევ, ატირებულს მნახავ...

მე ხომ, უშენობა მძულს...

ისევ, ამატირე ახლა...

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს...

ცრემლით ამოვივსებ თვალებს...

ისევ, გავისიებ გულს

და დაველოდები ხვალეს...

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს...

წვეთი თუ ამივსებს ლოდინს...

წლებზე გადავიტან შურს,

ოღონდ, მოგეფერო როდის...

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს,

ცრემლით გაპოხილა დილა...

წამებს დავივიწყებ სულ,

თორემ, უშენობით გრილა...

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს...

ისევ, მიმატოვებ ახლა

მაინც, ამიწეწავ სულს,

მაინც, გადამრევ და წახვალ...

 

წამი...

თუ შემაქცევს ზურგს...

და თუ დამივიწყებ წამით...

ღამეს, ამოვგლიჯავ გულს...

და მზეს დავაბრუნებ ღამით...

 

მე ველოდები...

2.02.2010

 

მე ველოდები...

სიზმარს არეულს,

ღამეს დამზრალს და ზღაპარს ფერებით...

მე უშენობით ვგავარ მთვარეულს...

უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

 

მე ველოდები...

სიზმარს შორეულს...

დილას დარდიანს, დილას იმედის...

რომ გამაგიჟებს სევდამორეულს...

იმედი შენი, თუნდაც მცირედი...

 

მე ველოდები...

მათრობს სიზმარი...

არ გახსოვს? ერთად ღამეს ვპარავდით

ფიქრებს,

და მაინც ვერ დამიცავი...

და ახლა, თითქოს დავპატარავდი...

 

მე ველოდები...

ზღაპარს ფერებით,

არ ვიცი, მერე კარს ვინ გამიღებს...

უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

და უშენობა თავგზას ამირევს...

 

მე ველოდები...

ვიცი რთულია,

და უკვე, გასცდა სევდა დარაბებს...

"დარაბებს მიღმა გაზაფხულია"...

და არ მპირდება ვიცი არაფერს...

 

მე ველოდები...

ისევ მელიან,

დარაბებს ვხედავ და ცივ რიკულებს...

დარაბებს იქეთ, სადღაც მღერიან...

მე, ჩაკეტილი შენს ლანდს ვუყურებ

 

მე ველოდები...

სიზმარს არეულს,

ღამეს დამზრალს და ზღაპარს ფერებით...

მე უშენობით ვგავარ მთვარეულს...

უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

 

მომეჩქარება...

25.01.2010

 

ყოველდღე,

შენსკენ მომეჩქარება...

და უშენობას, დღემდე განვიცდი...

მე ვიცი,

ეჭვიც არ მეპარება...

მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

 

მე დღესაც,

შენი ფიქრი მიმონებს...

სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის...

მე ყოველ დილას,

შენთვის ვიგონებ...

გული თავისას მაინც არ იშლის...

 

მე ახლაც,

შენი კოცნა მაგიჟებს

და უშენობით ხედავ? ვბერდები...

მე ყოველ დილას,

ვითვლი ნაბიჯებს...

და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები...

 

როგორც,

დაღლილი ღამე თენდები...

და უშენობა თოვლივით მათოვს...

შენ იცი,

ასე არ დავნებდები...

ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...

 

მაინც გიპოვი,

მაინც დამიცდი...

მე შენში, ეჭვიც არ მეპარება...

შენ უჩემობას,

ახლაც განიცდი...

და ამიტომაც, მომეჩქარება...

 

და მიხარია...

19.01.2010

 

ისევ მიმუხთლა ბედმა უდროოდ,

მთელი სიცოცხლე ჭორებს მახლიან

ვიცი, ეს სახლი მაინც მყუდროა

მაგრამ, ეს სახლი, ჩვენი სახლია

 

წარსული სულში სცენებს მიმართავს

მინდა ტალღებში დამახრჩოს ქარმა,

ნაპირთან მზეს, რომ გული მივართვა

და გაგვაგიჟოს კვლავ ერთმა წამმა

 

ვარ გაზაფხული შენით გამთბარი,

მთელი დღეები ვფიქრობ, გიხსენებ

ვხედავ უთოვლოდ მიდის ზამთარი

სითბოა, მზეა, გულში ისევე

 

ზეციდან მათოვს ფიქრი ჭაღარა

სითეთრე ისევ ისე მამშვიდებს,

ზამთარმა სევდა შემომაპარა

ვცდილობ როგორმე ისევ დავმშვიდდე

 

ზეციდან მიმზერს მზე დაღვრემილი

თუმცა ფიქრებით და იმედებით,

მთელი დღეები ვარ აღრენილი

და სხვაგან მაინც არ ვიხედები

 

ვერ შევეჩვიე უშენოდ ოთახს

სასტუმროს ნომერს

და ზღვას ქარიანს

მე შენთან ყოფნა მამშვიდებს, როცა

შენთან ვარ ისევ და... მიხარია

 

მომანატრე თოვლი...

15.01.2010

 

მომნატრებია თოვლი ქათქათა,

ქარი რომ მაყრის, ფიფქებს სახეში...

მთელი ზამთარი ისე გათავდა...

რომ, ვერ გავაბი თოვლი მახეში...

 

დღეები, ისევ უშენოდ თრთოდა...

ზამთარში მაინც მაწვება ბინდი...

მახსოვს,

თოვლს შენი სურნელი ჰქონდა...

ჰოდა, გათოვდი ამაღამ, მიდი...

 

შენ დამიძახე გაზაფხულიდან,

და ზამთარს,

ისევ წარსულთან ვტოვებ...

რად მომანატრე თოვლი, გულიდან...

ან ასე მარტოდ, რატომ დამტოვე...

 

თოვლი ფიქრებთან, დარდთან ნათრევი...

მეძახის ისევ, სადღად შორიდან...

ღამენათევი და ნამთვრალევი,

წავალ და ფიფქებს შენთვის მოვიტან...

 

შენ მაგონდები, მაინც იმედით...

საით წახვედი, მაინც სადა ხარ...

მომნატრებია თოვლის ფიფქები,

რომ დამიძახებს ქარში ხანდახან

 

ქარი ფიქრს მაყრის ახლა სახეში...

და მენატრება, თოვლი ქათქათა...

რად ვერ გაგაბი დღემდე მახეში...

ან, თოვლი ახლა რატომ გათავდა?

 

სიყვარულით განახელები...

6.01.2010

 

ისევ გავლიე შენი ფიქრები,

ისევ ამაყად, ურცხვად დავდივარ...

მე მუდამ შენთან,

შენი ვიქნები...

მე მუდამ შენი,

ჩვენი დარდი ვარ...

 

წუხელ ვებრძოდი, თურმე ქიმერებს...

ვებრძოდი დიდხანს, კარგა ხანია...

მას მერე,

შენთან ყოფნას ვინელებ...

მას მერე,

ვფიქრობ და მიხარია...

 

ფანჯრიდან თოვლი მაძლევდა ნიშანს,

თოვლისთვის არ მსურს, დარდის გაყოფა...

ნეტავ,

ეს ღამე შენთვის რას ნიშნავს...

ნეტავი ახლა,

შენთან მამყოფა...

 

ისევ ვამტვრევდი კარებს უხილავს,

თითქოს წამართვეს,

თითქოს გამლახეს...

მე დავრჩი შენში:

სევდად, წუხილად

და შენში ისევ უხმოდ დამმარხეს...

 

გარეთ თოვლია, გარეთ ფიქრია...

ვერ ვხვდები,

ჩემს თავს როგორ ვუშველო...

დღეები ისევ სადღაც მიქრიან...

არ მინდა ისევ ყოფნა უშენოდ....

 

ხმა მესმის თოვლის,

ხმა მესმის სეტყვის...

და ღამე ჩემში რჩება ფირალი...

მე ვიცი დილას,

მზე მოვა, მეტყვის...

და წავა ისევ, ისე მტირალი...

 

მე დილას შენი ფიქრი მეხურა...

მათბობდა მზერა, შენი ხელები...

მე გავიღვიძე,

მაინც მეფურად...

და სიყვარულით განახელები...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე და მთვარე...

29.12.2009

 

შენ გიმღერი,

გული ისევ ფეთქავს...

მთელი ღამე ვარსკვლავები ვთვალე...

მე მინდოდა,

შენთვის რაღაც მეთქვა...

უშენობა დავაბრალე მთვარეს...

 

მთელი ღამე,

შევალიე სევდას...

მთელი ღამე,

ვუდარაჯე მთვარეს...

მერე, დილით გაგვეღვიძა მე და...

მთვარეს,

შენი სიყვარულით მთვრალებს...

 

ნაბახუსევს,

ვისაუბრეთ დიდხანს...

ეხლა მთვარე გულში სითბოს მაქსოვს

მთვარემ შენზე,

ო, რამდენი მკითხა...

დილაა და უკვე აღარ მახსოვს...

 

მე და მთვარე,

უშენობას ვდარდობთ...

მთელი დილა,

გულის მესმის ფეთქვა...

დღეს თუ არა,

ხვალ ხომ გნახავ ამ დროს...

დღეს თუ არა,

ხვალ ხომ მოხვალ ჩემთან...

 

სიკვდილს ვაპირებ...

29.12.2009

 

მზე დაიღალა შენზე ოცნებით...

მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს...

მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები...

მე ყოველ ღამე, ლოცვას ვაპირებ...

 

და შენ მეძახი, ისევ შორიდან...

მომკლა ლოდინმა და სიმარტოვემ...

ღამით მთვარესთან კოცნა მომინდა...

ამაღამ მაინც, ნუ მიმატოვებ...

 

მე ვიცი, მაინც დავრჩები ცალად...

და სიმარტოვე წამიღებს როცა...

მე, გული სევდამ ამომაცალა...

და მაინც, შენთან შეხვედრას ვლოცავ...

 

დღეც დაიღალა შენზე ოცნებით,

ამაღამ, მზესთან სიკვდილს ვაპირებ...

არავინ დარჩეთ განაოცები

როცა ვიპოვი მე ჩემს ნაპირებს...

 

მზე დაიღალა შენზე ოცნებით...

მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს...

მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები...

მე ყოველ ღამე, სიკვდილს ვაპირებ...

 

ბოდიში...

28.12.2009

 

იქნებ,

სიცოცხლე დღესვე მთავრდება...

ამიტომ, მინდა ბოდიშის მოხდა...

 

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გადავრჩე,

მე ხომ ფიქრების,

სევდის მონა ვარ...

მე ველოდები, დღემდე განაჩენს...

ვით შესაწირი კრავი მომავალს...

 

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს დამინდო...

მე დღეებს ისევ, შენით ვიმშვიდებ...

მე ველი, შენ რომ გამიამინდო...

და მომიტანო შენი სიმშვიდე...

 

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გავიგო...

გულს რად გტკენ,

თუმცა, მაინც ვერ ვხვდები...

მე მინდა, შენი კოცნა წავიღო...

ვინ იცის, მერე როდის შეგხვდები...

 

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გამიგო...

და მაინც,

დღემდე ცრემლებს ვინახავ...

მე, წუხელ შენზე ფიქრმა წამიღო...

და მიმატოვა დილას, კინაღამ...

 

იქნებ,

სიცოცხლე დღესვე მთავრდება...

ამიტომ, მინდა ბოდიშის მოხდა...

 

არ გავჩერდები...

27.12.2009

 

შენს სიყვარულში ასე დაღლილი...

მელაქუცება ღამე ნისლებით...

რამდენი ცრემლი მქონდა დაღვრილი...

და მაინც,

ისევ შენით ვივსები...

 

ან სიყვარული ასეთს, რას მთხოვდა...

ეს ღამე ისევ, წარსულში მიმაქვს...

მეგონა, თითქოს ისევ გათოვდა...

მაგრამ,

ყოფილა ნაცნობი წვიმა...

 

სიყვარულს დღემდე, მე ვერ ვამხელდი...

დაგდევდი ლანდად, დაგდევდი ჩრდილად...

მეგონა თოვლი, ისე გავხელდი...

მაგრამ,

ფანჯარიდან მაწვიმდა დილა...

 

და ღამე ისევ, შენით დაღლილი...

ჩემს ფეხთან გდია ვით ნასუფრალი...

ვით უპატორნო, სურვილ დაცლილი...

და

ჩემი დილის ჭირისუფალი...

 

სულით ვყოფილვარ სულ მთლად შიშველი...

მაციებს, მაგრამ ფიქრი არა მაქვს...

ვიცი, ოდესმე მაინც მიშველი...

შენი,

ფიქრების დასაფარავად...

 

სევდა ვარ შენი, ტყვია დახლილი...

ასე რომ ტკივა გულის ნაპრალებს...

გთხოვ, მაპატიო ცრემლი დაღვრილი...

და ღალატს,

მაინც ნუ დამაბრალებ...

 

მე ისევ შენი გზებით მივდივარ..

და ვიცი, სადღაც რომ დავბერდები...

მე ის აღარ ვარ, უკვე დიდი ვარ...

შენამდე,

მაინც არ გავჩერდები...

 

მათრობ...

26.12.2009

 

მე ისევ მათრობს შენი სურნელი...

საკუთარ ფიქრებს ღამეებს ვუთევ...

მე ხომ შევპირდი,

მე ხომ სულ ველი...

ამ სიყვარულით გაპოხილ წუთებს...

 

მე ისევ მათრობს შენი სურნელი...

და უნაპირო ბურუსში მახვევს...

კვლავ გავათენე,

ღამე წუხელი...

შენ კი საოცრად, ლამაზად წახველ...

 

მე ისევ მათრობს შენი სურნელი...

და ღამე ჩემში დაეძებს მიზეზს...

მე არ ვყოფილვარ,

დღემდე სულელი...

არადა, ღამე ზურგიდან მიმზერს...

 

მე ვიცი, შენზე ფიქრი მწარეა...

არ ვიცი, დღემდე ჩემთვის ვინა ხარ...

არ ვიცი,

ასე რად მიხარია...

არ ვიცი, ასე რატომ მიყვარხარ...

 

შეხედე ცაზე ვარსკვლავი სუნთქავს...

ჩაქრება, მერე ისევ იელვებს...

მე მათრობს,

შენი ლამაზი სუნთქვა...

და ღამის ჩუმი სიცარიელე...

 

არაფერს ვუშლი...

21.12.2009

 

ახლა,

საშველად შენს ფიქრებს ვუხმობ...

ღამეა, შენგან კოცნა მერგება...

მთელი საღამო ვიყავი უხმოდ...

და ახლა, ღამე შემომეგება...

 

შენ დამდევ

ნატვრად, ფიქრად, ოცნებად...

და სიყვარულით განახელები...

ამ ღამეს ვიგრძენ, მე საოცრება...

რომ შემომხვიე უცებ ხელები...

 

სიზმარი იყავ, ზღაპრად იქეცი...

და ღამე,

შენზე ფიქრში გავლიე...

ამ ღამეს შენთვის გამოვექეცი...

და დილა, ისევ შენით ავრიე...

 

ეს ღამე,

ისევ ფიქრებით დარდობს...

ეს ღამე, ისევ მოვა მალულად...

შენს სითბოს ისევ, ისევე ვნატრობ...

და ღამეც ჩემში შემოპარულა...

 

ამ ღამეს,

შენი ნახვა სწყურია...

ვიცი ჩამიკრავ ამაღამ გულში...

ეს ღამე, მართლა უცნაურია...

და ამიტომაც არაფერს ვუშლი...

 

ვეძებ...

16.12.2009

 

ვეძებ და მაინც ვერაფრით ვხვდები...

შენი ხმა ჩემს გულს, ასე რად ერთვის...

მე, ქარს მოვტაცე უღრუბლო ფრთები...

და კვლავ მოვედი ზამთარში შენთვის...

 

ვეძებ და მაინც ვერაფრით ვხვდები...

ვეძებ მას, რაც არ დამიკარგია...

მე, ქარს მოვპარე ნარნარა ფრთები...

და ერთად რომ ვართ ეს ხომ კარგია...

 

ვეძებ და მაინც ვერაფრით ვხვდები...

და გული მაინც შენით მევსება...

მე, შენი სითბო და შენი ფრთები...

ყოველდღე მკოცნის, მეალერსება...

 

ვეძებ და მაინც ვერაფრით ვხვდები...

ვინ არის მტერი და ვის ვუშარო...

მოგეპარე და მოგპარე ფრთები...

ახლა, არ ვიცი როგორ გავშალო...

 

ვეძებ და მაინც ვერაფრით ვხვდები...

შენზე ფიქრები მაინც შემშლიან...

სიზმარს მოვტაცე ფხიზელი ფრთები...

სიზმარი, თითქოს ჩემი ლექსია...

 

ვიცი...

9.12.2009

 

ვიცი,

აღარ გენატრება ჩემი ნახვა...

ვიცი,

უკვე დამივიწყე, ასე მალე...

ვიცი,

აღარ გამომხედავ, ისე წახვალ...

ვიცი,

უკვე მერამდენედ დამემალე...

 

ვიცი,

ვითომ დაივიწყე ჩემი კოცნა...

ვიცი,

როგორ დაგათენდა ჩუმად ღამე...

ვიცი,

მაინც გამიხსენებ, მაშინ როცა...

ვიცი,

როცა ჩემს წარსულთან დააღამებ...

 

ვიცი,

ჩემი მოფერება აღარ გათბობს...

ვიცი,

თუნდაც ერთი წამით, მაინც მელი...

ვიცი,

შენი მოფერება ახლაც მახსოვს...

ვიცი,

ისევ დამიგროვდა მე სათქმელი...

 

ვიცი,

განა არ ვიცოდი, ახლაც ვიცი...

ვიცი,

როგორ ეგებება დილას მთვარე....

ვიცი,

ჰოდა ვის ჭირდება ფიცი, მტკიცი

ვიცი,

ჰოდა... ისევ ისე გითვალთვალებ...

 

იცი?

უკვე მერამდენედ დამემალე?

იცი?

აღარ გამომხედავ, ისე წახვალ...

იცი?

უკვე დამივიწყე, ასე მალე...

ვიცი,

აღარ გენატრება ჩემი ნახვა....

 

* * *

ვეფერები თითებს...

ამდენს როგორ მითმენ?

ქარს მოყვება შხეფები...

მე კი, თითებს ვეხები...

ქარი მღერის ფარულად...

გულში შემოპარულა...

მე შენს თითებს ვეხები...

ქარს კი მოაქვს შხეფები...

შენ რომ გხედავ ვენთები...

დამისველნენ წვეთები...

გამომწვევად მიყურებ

და თან წვეთებს ვიპკურებ...

შენი მზერა მაწვალებს...

რა გაუძლებს მაგ თვალებს...

მე მთვრალი ვარ ოცნებით...

დამიბრუნე კოცნები...

ხედავ? მზეა ნასვამი...

ნეტა, ამდენს რას სვამდი...

ვეფერები თითებს...

ვერ დაითვლი იმდენს...

 

ველოდები მზეს...

4.12.2009

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს...

სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს...

მე ხომ, შენი მოფერება მათბობს...

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

მზესთან ერთად ულამაზეს ასულს...

მთელი ღამე შენი დარდი მდევს,

და ფაქიზად ვეფერები წარსულს...

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის...

ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს...

და მზესავით გამიღიმებ მაშინ...

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი...

შენთან ერთად დავიღალე მეც...

ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი...

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს...

შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს...

მე მზე მითბობს უშენობის სურვილს...

 

მთელი კვირა ველოდები მზეს,

ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის...

შენი ფიქრი ძველებურად მდევს,

ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის...

 

მთების იქეთ მიმალულა მზე...

ყოველ დილას გელოდები სახლში...

სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს...

და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი...

 

ზამთარი მოდის...

2.12.2009

 

გათელილ ფოთლებს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება...

ვიღაცა მომდევს...

ვემალები შიშველ ტრამალებს...

ვიცი, ოდესმე დამიძახებ, გემახსოვრება...

ეს შემოდგომა, ზამთარში რომ სხვაგან დამალეს...

 

ზამთარი მოდის... გაშიშვლებულ ფიქრებს მისერავს...

და გათელილი,

ფოთლებივით მტკივა ახლავე...

მე შემოდგომა მივატოვე ისევ ნისლებად...

და ველი ფიფქებს, ზამთარში რომ კვლავ დამმარხავენ...

 

ზამთარში, თოვლში მიყუჩებულ გრძნობას ვახელებ...

და შიშველ ხეებს,

დასტყობიათ ცივი ვენები...

იცი, რომ მაინც ფანტელებად მოგხვევ ამ ხელებს...

და ისევ გეტყვი, მენატრები, არ მეჩვენები...

 

თოვლმა, ფიფქებმა ოცნებები სადღაც დამალეს...

ვიცი,

შენ მაინც დამიძახებ გემახსოვრება...

მე ვიღაც მოდევს... ვემალები ისევ ტრამალებს...

გათელილ ფოთლებს ემსგავსება ჩემი ცხოვრება...

 

* * *

30.11.2009

 

მთელი ღამე ვეფერები კვირტებს

ღამეც ისევ უშენობით მიტევს...

 

ვხედავ,

როგორ აყვავილდა ნუში...

და კვირტები შემოასკდა ღამეს...

შენი სითბო მოენატრა გუშინ...

შენს ლოდინში გაშიშვლებულ წამებს...

 

ვხედავ,

როგორ აყვავილდა ნუში...

დარდმა ისევ დაუბერა ქარებს...

მე უშენოდ დამაღამდა გუშინ...

მღელი ღამე ვესაუბრე მთვარეს...

 

ვხედავ,

როგორ აყვავილდა ნუში...

გაშიშვლებულ სულს ფოთლებით ვავსებ...

უშენობამ გამაგიჟა გუშინ...

მთვარე იყო საოცარი, სავსე...

 

ვხედავ,

როგორ აყვავილდა ნუში...

და ფოთლებიც როგორ გაირინდა...

ვერ გიპოვე, დავიღალე გუშინ

დილაა და ისევ შენთან მინდა...

 

ვხედავ,

როგორ აყვავილდა ნუში...

მთელი ღამე გავატარე მარტომ

შენ ქარი ხარ, მოფრიალე სულში...

ჰოდა, ისევ შენი ქროლვა მათბობს...

 

მთელი ღამე ვეფერები კვირტებს

ღამეც ისევ უშენობით მიტევს...

 

ამიტომ...

26.11.2009

 

ვიცი ახლოა, ის რასაც ველი...

და ახლა,

ისევ ეგ კოცნა მშველის...

 

არ ვიცი,

ასე რატომ მაგიჟებს,

შენი ღიმილი, შენი ტაროსი...

მე, დღემდე ვითვლი შენსკენ ნაბიჯებს...

და ვდგავარ მთაზე, ვით იკაროსი...

 

არ ვიცი,

ასე რატომ მაგიჟებს...

შენი თვალების შემოჩეხება...

დავდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს...

და გული, ისევ სევდით მევსება...

 

არ ვიცი,

ასე რატომ მღერიან...

შუა ზამთარში მთვრალი ვერხვები...

მოვფრინავ, მე ხომ აღარ მელიან...

მოვფრინავ შენსკენ, შენ კი ვერ ხვდები...

 

არ ვიცი,

ასე რატომ მაოცებს...

შენი ღიმილი, მზესავით მწველი...

მოგეპარები, ჩუმად გაკოცებ...

და სერენადებს დილამდე ვმღერი...

 

მაქვს ფრთები,

მთაზე ვდგავარ და ველი...

და სულში სევდა ისევ ამინდობს...

მოვფრინავ, ღრუბელს მოვხვიე ხელი...

და მზეს ვუგზავნი კოცნას ამიტომ...

 

ვიცი ახლოა, ის რასაც ველი...

და ახლა,

ისევ ეგ კოცნა მშველის...

 

შეშლილი ფერია...

25.11.2009

 

სევდა ტალღებად მეხლება თითქოს...

ჩვენ ორნი ვდგავართ ზღვასთან და ისევ...

მე ვერ გავუძლებ ტალღების სითბოს...

ორივეს გულებს ასე, რომ გვივსებს...

 

და კიდევ უფრო, დიდ ტალღებს ველი...

და ზამთრის სუსხი ნაპირებს არწევს...

უჩუმრად, ისევ მოგხვიე ხელი...

და შენი სითბო ჩემამდე აღწევს...

 

ნაპირთან დგახარ და ისევ მელი...

გრძნობებმა ზღვასთან გააბა ფიქრი...

ვიცი, მომელის მე ბრძოლა ძნელი...

ნაპირზე ვდაგვარ და სადღაც მივქრი...

 

თმაგაწეწილი შენ გავხარ ტალღას...

აბობოქრებულ შეშლილ ფერიას...

დავდივარ ასე, არ ვიცი დაღლა...

და ოცნებებიც არაფერია...

 

გახსოვს,

ზღვა როგორ გვარწევდა მაშინ...

რა კარგი იყო, დუმილი იმ დროს...

ვიდექით ქარში, მერე წვიმაში...

და სიყვარული გვახრჩობდა თითქოს...

 

უხილავ კართან...

24.11.2009

 

და როცა ვრჩები, საკუთარ თავთან...

მაშინაც, შენზე ვფიქრობ, ვისვენებ...

მაგ შენი გულის, უხილავ კართან...

ვდგავარ, გელი და ისევ გიხსენებ...

 

ვის აბარია კარის სადავე...

კარებთან ვდგავარ და შენზე ვფიქრობ...

გამოხვიდოდე ნეტა ახლავე...

გამიღიმებდე, ან თუნდაც თითქოს...

 

ასეა, მაინც სულ მუდამ გელი...

კარებთან დარდებს მივაწყობ წყებად...

თუ დამინახო, არა მკრა ხელი...

არ გაგიღიმო კვლავ გამომწვევად...

 

შევერცხლილ თმებში მიჩნდება სევდა...

ათასი წელი გაღებას ვლამობ...

კართან ვარ ღამეც, კართან ვარ დღეც და...

გააღე კარი და გარეთ გამო...

 

დაუკითხავად არ ვაღებ კარებს...

ვიცოდე მაინც, დამიცდი კართან?

დარდს და მოწყენას ნუ გაიკარებ...

მე კი, დავრჩები საკუთარ თავთან...

 

გკოცნე ტუჩებში...

23.11.2009

 

ნასვამმა,

რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...

მკლავებში,

ფაქიზად გარწიე დილამდე...

ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში

დილა კი,

შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

 

მთვრალი ვარ,

ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...

შენ ალბათ,

სიზმარში მთვარესთან მღალატობ...

მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...

შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

 

და რატომ,

მაგიჟებს ეს ღამე სულელი...

მთვრალი ვარ ოცნებით,

სადღაა ნამუსი...

შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...

ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

 

და გარწევ,

დილამდე ჯერ კიდევ შორია...

და

შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...

თითებით გეხები და ასე მგონია...

წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

 

მთელი გზა,

ისევე შენს ფიქრებს მივანდე...

და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...

მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...

და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

 

 

დამისხი...

18.11.2009

 

ვინ შეაჩერებს, მზეს და ალიონს...

ვის შესწევს ნეტა, ძალა ამისი...

დამისხი,

ვისკი უნდა დავლიო...

უნდა გამოვთვრე, ვისკი დამისხი...

 

ვინ შეაჩერებს, ქარს და გრიგალებს...

ვინ გამიმრთელებს, გრძნობას გაყოფილს...

ჩემს შესანდობარს,

მერე ვინ დალევს...

ვის ვნახავ მერე მშვიდს და კმაყოფილს...

 

ვინ შემაჩერებს, რომელი ერთი...

ეხლა ვსვამ,

ისევ შენით ვენთები...

მე მიყვარს, შენი ნატანჯი ღმერთი...

მიტოვებული ჩემი ღმერთები...

 

უნდა დავლიო, ვისკი დამისხი...

ვისკი მომიტანს,

ფიქრებს,

იმედებს...

როცა დავთვრები, ვიცი ამისთვის...

მე ჩემი ღმერთი ვერ გამიმეტებს...

 

ვინ შეაჩერებს, ლოცვას, დიდებას...

ღმერთამდე,

მაინც კიდევ შორია...

დამისხი, შენი კოცნა მინდება...

მე ხომ უშენოდ არ მიცხოვრია...

 

ვის შესწევს,

ნეტა ძალა ამისი...

დამისხი, მაინც უნდა დავლიო...

უნდა გამოვთვრე, ჰოდა დამისხი...

და ეს ცხოვრება მთვრალმა გავლიო

 

ისევ შორს არი...

18.11.2009

 

ისევ მეძახი, სადღაც შორიდან...

უშენოდ მხრები როგორ გავმართო?

მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...

შენ კი, მიდიხარ უმისამართოდ...

 

ისევ მეძახის ნატანჯი ფიქრი...

შენზე ოცნება, გასაოცარი...

მთელი ცხოვრება, მე შენსკენ მივქრი...

შენამდე გზა კი, ისევ შორს არი...

 

ისევ მეძახი, მაგრამ შენამდე...

მხოლოდ ვიწრო და გრძელი გზებია...

მახსოვს, ცხოვრება მე ვერ მომანდე...

ეს დღემდე ჯერ არ გამნელებია...

 

ისევ მეძახის, მე ძველი იჭვი...

არადა, მაინც ბოლომდე გენდე...

მთელი ცხოვრება, უშენოდ მიჭირს...

დღესაც მიყვარხარ, გნატრულობ დღემდე...

 

ვიცი მეძახი, სადღაც შორიდან...

გაზაფხულივით, დამრჩი იებად...

მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...

ეს სიყვარულიც მეპატიება

 

და რა გაგიჟებით...

17.11.2009

 

მახსოვს,

გნატრობდი და მაინც გაგიხსენე...

რა ვქნა უშენობამ სევდას მიმაჩვია...

ჩემგან ბორკილები აიხსენი?

და ეს, ყველაფერი არად მიგაჩნია?...

 

მათოვს,

სიცისფრე და წამი შესაფერი...

ვიცი, მელოდება მაინც აღსასრული...

თურმე, დამავიწყდა ყველაფერი...

გარდა, სევდისა და სიყვარულის...

 

მახსოვს

ეგ თვალები, ასე ნაღვლიანი...

ჩემი განშორებით ასე დატანჯული...

შენი გამოხედვა, დარდიანი...

შენი მოლოდინი, დაქანცული...

 

ვიცი,

მონატრებას იმედებით ავსებ...

მახსოვს, სიმარტოვე წვიმაში და ქარში...

მაშინ, ზეცა იყო ვარსკვლავებით სავსე...

და რა გაგიჟებით, მიყვარდი მაშინ...

 

ეხლაც,

მენატრები ისევ გაგიჟებით...

მაინც, ჩემთანა ხარ, სანამ გული ფეთქავს...

მოვალ... სასთუმალთან ისევ დაგიჯდები...

და მოგონებები ისევ ამოხეთქავს...

--------------------------------

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

 

 

 

Copyright © All rights reserved | Zviad kechakmadze